30 აპრილიდან მატარებელი კოპიტნარშიც გაჩერდება
საქართველოს რკინიგზის სამგზავრო მატარებლებს 30 აპრილიდან ახალი გაჩერება დაემატება. კოპიტნარში, ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის განახლებული სადგური მგზავრებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან მიიღებს.
მთავრობის სპეციალური განკარგულებით საქართველოს გაერთიანებული აეროპორტები უზრუნველყოფს მგზავრებისთვის უფასო ტრანსპორტირებას. აღნიშნული ტრანსპორტი მგზავრს გადაიყვანს როგორც სადგურიდან აეროპორტის მიმართულებით, ისე აეროპორტიდან სადგურამდე.
კოპიტნარის სადგურიდან ქუთაისის აეროპორტში მისასვლელად, მგზავრებს დაახლოებით 5 წუთი დასჭირდებათ. მატარებლის ბილეთის შეძენით, მგზავრი სრულ მომსახურებას მიიღებს. შეგახსენებთ, რომ კოპიტნარში, ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელ რკინიგზის სადგურს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განახლებული სადგური თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე არის მორგებული. კოპიტნარის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა 29 აპრილიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოს რკინიგზის სალაროებში, კომპანიის ვებ-გვერდის, სწრაფი გადახდის აპარატებისა და რკინიგზის პარტნიორი კომპანიების ვებ-გვერდების მეშვეობით.