ჭიათურის მერი თეატრის ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს შეხვდა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი, გივი მოდებაძე ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს, რეჟისორ დავით ნიკოლაძეს შეხვდა.
შეხვედრას მერის პირველი მოადგილე გიორგი ბიწაძე და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა ცერცვაძე ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის მერმა რეჟისორს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
გივი მოდებაძემ მხარდაჭერა ასევე აღუთქვა ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს დიდი ტრადიციების მქონე ჭიათურის თეატრალური ცხოვრების შემდგომი განვითარების საქმეში.
დავით ნიკოლაძემ პროფესიული განათლება შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სარეჟისორო და სამსახიობო ფაკულტეტებზე მიიღო. წლების განმავლობაში აქტიურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, როგორც შ. რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე, ამერიკულ აკადემიაში, თურქეთის ქოჯაელის უნივერსიტეტსა და ქ. იზმითის ხელოვნების სკოლაში, სადაც სამსახიობო ოსტატობას ასწავლიდა.
დავით ნიკოლაძის ხელმძღვანელობითა და რეჟისორობით, 1997-1999 წლებში ცნობილ ქართულ თეატრალურ სკოლა-სტუდია „ბერიკებში“ დაიდგა სპექტაკლები.
იგი ასევე დამდგმელი რეჟისორის რანგში თანამშრომლობდა თურქეთის ქოჯაელის უნივერსიტეტთან და აზერბაიჯანის სახელმწიფო თეატრთანაც.
რეჟისორის შემოქმედებითი ცხოვრება ასევე დაკავშირებულია ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა და შ. რუსთაველის ეროვნულ თეატრებთან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები