დავით სონღულაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, მანავსა და თოხლიაურში იმყოფებოდა
გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერთან, ავთანდილ გულიკაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გილაშვილთან ერთად, მანავსა და თოხლიაურში იმყოფებოდა.
ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე სოფლებში არსებულ გამოწვევებზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
მოსახლეობის თქმით სოფელ მანავში ერთ-ერთ ძირითად პრობლემას სარწყავი არხების ოპერატიულად გასუფთავება წარმოადგენს, თოხლიაურში კი სკოლის გათბობის სისტემის კეთილმოწყობა სჭირდებათ.
წარმომადგენლებმა ასევე, მიწის რეგისტრაციის პრობლემებზე ისაუბრეს. დავით სონღულაშვილმა ამ მიმართულებით რეფორმის დაწყებასთან დაკავშირებით ადგილობრივებს ინფორმაცია მიაწოდა.
„რაც შეეხება, მიწის ნაკვეთების პირად საკუთრებაში რეგისტრაციის პრობლემის გადაჭრას, ამასთან დაკავშირებით ვახორციელებთ მიწის სისტემურ რეფორმას, რომლის ფარგლებშიც, აიზომება და დარეგისტრირდება 1 200 000 ჰა დაურეგისტრირებელი მიწა, როგორც საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული, ასევე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები, ასევე, დაზუსტდება უკვე დარეგისტრირებული მონაცემები. ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სარეგისტრაციო პროცესები მოქალაქეებისთვის სრულიად უფასოა და მოსახლეობას, ყველა სახის მომსახურება საცხოვრებელ ადგილზე მიეწოდება,” – განაცხადა პარლამენტის წევრმა.
დავით სონღულაშვილი, მოსახლეობასთან შეხვედრებს სამაჟორიტარო ოლქში სისტემატურად მართავს. არსებული პრობლემების გადაჭრისა და გამოწვევებზე საპასუხოდ კი, მოსახლეობის უშუალო ჩართულობით იგეგმება შემდგომი აქტივობები და განსახორციელებელი პროექტები.