პრემიერ-მინისტრი გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში იმყოფებოდა, სადაც „შეღავათიანი აგროკრედიტის” პროექტით მოსარგებლე ფერმერის მიერ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა და გაშენებული ბაღი დაათვალიერა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში იმყოფებოდა, სადაც  „შეღავათიანი აგროკრედიტის” პროექტით მოსარგებლე ფერმერის მიერ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა და 5 ჰა-ზე გაშენებული ხილის ბაღი დაათვალიერა.
სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით, შალვა ქართლელიშვილის მიერ აწყობილ სამაცივრე მეურნეობაში 140 ტონამდე ხილის შენახვაა შესაძლებელი და საწარმოში სეზონურად 60 ადამიანია დასაქმებული. ფერმერის თქმით, რომ არა სახელმწიფოს ხელშეწყობა, პროექტი ვერ განხორციელდებოდა – ჯამურმა ინვესტიციამ 1 მლნ  ლარი  შეადგინა, მათ შორის, 330,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია.
მთავრობის მეთაურმა მინისტრისგან „შეღავათიანი აგროკრედიტის” პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა, კერძოდ – საქართველოს მასშტაბით, „შეღავათიანი აგროკრედიტის” პროექტის ფარგლებში, შემნახველი და სამაცივრე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ჯამში, გაცემულია 273 მილიონ ლარზე მეტი  ღირებულების 2400-ზე მეტი  სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს გაცემული თანადაფინანსება 38  მლნ  ლარზე მეტია. მათ შორის, კახეთის რეგიონში გაცემულია 104 მილიონ ლარზე მეტი  ღირებულების 1000-ზე მეტი  სესხი, სადაც სოფლის განვითარების სააგენტოს გაცემული თანადაფინანსება 13 მლნ  ლარზე მეტია.
პრემიერ-მინისტრის თქმით, სახელმწიფო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ადგილობრივი ფერმერების ხელშეწყობას, სოფლის მეურნეობის განვითარების სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით. მხოლოდ გასულ წელს, სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 4,5 მილიარდი ლარი შეადგინა და სახელმწიფოს წილი ამ ინვესტიციაში 960 მილიონი ლარია. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ის, რომ საქართველოს აქვს აგროწარმოების დიდი რესურსი, ქვეყნისთვის არის შესაძლებლობა, ეტაპობრივად შეამციროს იმპორტი, მოხდეს ბაზრების დივერსიფიკაცია და გაიზარდოს ექსპორტის რაოდენობა. ამ მიზნის მისაღწევად, აგროწარმოებაში, ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის გაძლიერებაში, იქნება ეს პირველადი წარმოება, გადამუშავება, სტანდარტიზაცია, შენახვა-რეალიზაცია თუ კიდევ სხვა, სახელმწიფო მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს დებს. აღსანიშნავია, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ, ქვეყნის მასშტაბით,  მხოლოდ საგრანტო პროგრამების ფარგლებში თანადაფინანსებულია 101 შემნახველი და სამაცივრე მეურნეობა, ინვესტიციის ოდენობა 124 მლნ ლარს აღემატება, მათ შორის, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება 47,6 ლარს აჭარბებს. ამ 101 საწარმოდან 17  საწარმო  კახეთის რეგიონშია, რომელთა საინვესტიციო ღირებულება 16,5 მლნ  ლარს აღემატება, მათ  შორის სოფლის განვითარების  სააგენტოს თანადაფინანსება 7 მლნ ლარს აღემატება.
თანამედროვე შემნახველი და სამაცივრე მეურნეობების ინფრასტრუქტურამ ქვეყანაში გააჩინა შესაძლებლობა 65,000 ტონა პირველადი პროდუქცია დასაწყობებული იყოს საერთაშორისო სტანდარტის დაცვით, შესაბამისად, იყოს კონკურენტუნარიანი, როგორც საერთაშორისო, ისე, ადგილობრივ ბაზარზე.
აგრეთვე, ერთ-ერთი მოთხოვნადი სახელმწიფო პროგრამაა-„დანერგე მომავალი”,რომელიც საშუალებას აძლევს ფერმერებს გააშენონ თანამედროვე, ინტენსიური ბაღები და მიიღონ  მაღალი ხარისხის უხვი მოსავალი, როგორც საექსპორტო ასევე ადგილობრივი ბაზრისთვის. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, ჯამში, ახალი მრავალწლოვანი ბაღების გაშენება სახელმწიფოს მიერ 17,000 ჰა-ზე მეტ მიწის ფართობზე დაფინანსდა.
აღსანიშნავია,რომ პროგრამით „დანერგე მომავალი” საქართველოს მასშტაბით, ატმის  გაშენება   სახელმწიფომ 133 ჰექტარზე 600,000 ლარით დააფინანსა.  მათ შორის, კახეთის  რეგიონში – 33 ჰექტარზე, 170,000 ლარით.
მთავრობის მეთაურთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, გურჯაანის მერი ზურაბ უტიაშვილი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი და პარლამენტის სხვა დეპუტატები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები