ირაკლი ღარიბაშვილი: საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებასთან ერთად, კახეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა თბილისიდან კახეთის მიმართულებით მგზავრობის დროს გაანახევრებს

საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებასთან ერთად, კახეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა თბილისიდან კახეთის მიმართულებით მგზავრობის დროს გაანახევრებს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისი-საგარეჯოს ავტობანზე განაცხადა, სადაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად 35 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის 10 წლიანი გეგმის მიხედვით, კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას 2 მილიარდი ლარი მოხმარდება, საიდანაც 1 მილიარდი ლარის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

საერთაშორისო მნიშვნელობის ჩქაროსნულ მაგისტრალს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აშენებს.

მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მთავრობის მეთაურს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა და აღნიშნა, რომ მოცემულ ეტაპზე, კახეთის 85 კმ-იანი ავტობანიდან სამუშაოები თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იან, ვაზიანის შემოვლითი გზის მონაკვეთზე მიმდინარეობს.

თბილისი-საგარეჯოს ავტობანი 3 მონაკვეთად არის დაყოფილი და 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის, გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული გზა შენდება. თბილსი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის ჯამური ღირებულება 527 მილიონ ლარზე მეტია.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ჩატარებული საინჟინრო და ფინანსური ანალიზის საფუძველზე, გზის მშენებლობა ლოტებად დაიყო და მაღალი კონკურენციის უზრუნველყოფასთან ერთად, ქართულ კომპანიებს ტენდერში დამოუკიდებლად მონაწილეობის საშუალება მიეცათ. შესაბამისად, კახეთის ავტობანის თბილისი-საგარეჯოს ერთ-ერთ მონაკვეთს ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია აშენებს.

კახეთის ავტობანის პროექტირებაზე ავსტრიელმა და გერმანელმა მაღალკვალიფიციურმა კომპანიებმა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, იმუშავეს.

თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი, თბილისიდან კახეთის მიმართულებით დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელ სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე, მნიშვნელოვნად გაზრდილია სატრანსპორტო ნაკადების ინტენსივობა, არსებული გზა კი მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის.

ახალი გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას, რაც ამ მონაკვეთზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნების კონკურენტუნარიანობას.

კახეთში, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის გარდა, რეაბილიტაციის ფარგლებში, ჯამში 61 მილიონი ლარის ღირებულების 18 პროექტი მიმდინარეობს, რაც 65 კმ გზისა და 1 ხიდის რეაბილიტაციას,ასევე 9 ნაპირსამაგრ პროექტს მოიცავს. პრემიერ-მინისტრთან ერთად სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ გულიკაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი შიოშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები