თორნიკე რიჟვაძე – საკრებულოში ოპოზიციის შესვლაზე: დარწმუნებული ვარ, შემოვლენ კი არა, ძალიან მალე შემოცუნცულდებიან, როგორც ეს გააკეთეს უმაღლეს საბჭოში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის საკრებულოს დაკომპლექტებასთან და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ბათუმელებმა არ უნდა ინერვიულონ  გადაწყვეტენ თუ არა ნაციონალები შემოსვლას  შესაბამის პოლიტიკურ და მუნიციპალურ ორგანოში. 

მისი თქმით, და საკრებულოს გამართულ ფუნქციონირებას წინ არაფერი უდგას.

„მინდა, გითხრათ და გაგახაროთ, რომ ყველაფერი მიდის ჩვენი გეგმის შესაბამისად. რაც შეეხება ოპოზიციას, განსაკუთრებით, რადიკალურ ნაწილს – მოღალატეების ფრთას, „ომის პარტიას“, ჩემი აზრით, მათი ადგილი არ არის არც საკრებულოში, არც უმაღლეს საბჭოში. შესაბამისად, მათი ადგილი, კარგ შემთხვევაში, არის ქუჩაში, ცუდ შემთხვევაში – ციხეში. ამიტომ დიდად არ უნდა ვინერვიულოთ არც ჩვენ, არც ბათუმელებმა, გადაწყვეტენ თუ არა ისინი შემოსვლას შესაბამის პოლიტიკურ და მუნიციპალურ ორგანოში. დარწმუნებული ვარ, შემოვლენ კი არა, ძალიან მალე შემოცუნცულდებიან, როგორც ეს გააკეთეს უმაღლეს საბჭოში. ამდენად, გეგმის მიხედვით ვმოქმედებთ. თქვენ ნახავთ, რომ საკრებულოს გამართულ ფუნქციონირებას წინ არაფერი უდგას. პოზიცია არის ძალიან მყარი და ნათელი – ვმოქმედებთ შემდეგი 10 წლის გეგმის შესაბამისად. ასე რომ, მიუხედავად იმისა, ვინ რას გადაწყვეტს ჩვენი ოპოზიციიდან, ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის, მარტივია. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ოპოზიციას უნდა ჰკითხოთ, რამდენად აწყობთ რიგგარეშე არჩევნები“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შუალედურ არჩევნებზე გამოხატული ნდობისთვის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა.

„კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს ძვირფას ბათუმელებს იმ დიდი და უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის, რომელიც მათ გამოავლინეს ბოლო არჩევნებში. შესაბამისად, შედეგმაც არ დააყოვნა. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა ბათუმელების წინაშე, რომ ყოველდღიურად როგორც მთავრობამ, ასევე განსაკუთრებით ბათუმის მუნიციპალიტეტმა, როგორც მერიამ და საკრებულომ იზრუნოს მათი გამოწვევებისა და ბათუმის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები