თეა ახვლედიანმა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისართან შეხვედრა გამართა
სახელმწიფო მინისტრმა უმაღლეს კომისარს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა გააცნო როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით.
შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული და უფლებრივი ვითარება. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონებში ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციასა და მათი ფუნდამენტური უფლებების სისტემატურ დარღვევებს, რაც გამოიხატება სიცოცხლის ხელყოფით, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვით, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებით, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვით და სხვა უკანონო ქმედებებით.
სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები. აღნიშნულ კონტექსტში, სახელმწიფო მინისტრმა უმაღლეს კომისარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესის თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნურად დაშორებულ მოსახლეობას შორის შერიგების პროცესში არსებითი პროგრესის მიღწევას, ნდობის აღდგენის, ჩართულობის და დიალოგის გზით, რაც ახლებურ ხედვებს, მიზნებსა და პრიორიტეტებს დაეყრდნობა.
თეა ახვლედიანმა ისაუბრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებული პროგრამებისა და ღონისძიებების შესახებ, დეტალურად მიმოიხილა სამოქალაქო ინტეგრაციის ის უნიკალური მექანიზმები და ინსტრუმენტები, რომლებიც არაერთი წელია წარმატებით ფუნქციონირებს. ასევე, მან ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელთა ფარგლებშიც მომდევნო წლების განმავლობაში კონკრეტული და შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებები განხორციელდება. კერძოდ, ხაზი გაესვა სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლებისა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. ამავდროულად, თეა ახვლედიანმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისა და ქალების სამოქალაქო და პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის გაზრდაზე, მათ გაძლიერებასა და მხარდაჭერაზე.
მხარეებმა აღნიშნეს სტრატეგიის ეფექტიანი იმპლემენტაციის მნიშვნელობა, რასაც, დიდწილად, განაპირობებს სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული საქმიანობა, პროცესში სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობა, მათთან მჭიდრო თანამშრომლობა.
თავის მხრივ, უმაღლესმა კომისარმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეულ პროგრესს, აღნიშნა, რომ ეს გამოცდილება შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც საუკეთესო მაგალითი და მოდელი სხვა ქვეყნებისთვის და გამოთქვა მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად გააგრძელოს აღნიშნული პოლიტიკის მხარდაჭერა.
სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა უმაღლეს კომისარს საქართველოში სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის განგრძობადი მხარდაჭერისთვის და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და გაღრმავებაზე.
შეხვედრას ეუთო-ს მხრიდან უფროსი მრჩეველი მარკ ფუმაგალი, პირადი მრჩეველი – ჯაზირა კულ-მუჰამედი და პროგრამის კოორდინატორი ნინო გოგოლაძე, ხოლო საქართველოს მხრიდან – საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდნენ.