ჭიათურის მერმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ 1989 წლის 9 აპრილს სამშობლოს თავისუფლებისთვის ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„9 აპრილი ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული დღეა – დიდი ტკივილის და ამავე დროს, ქართველი ხალხის ერთიანობის და გმირული თავგანწირვის დღე.
ჩვენ არ ვივიწყებთ გმირებს. დღეს პატივი მივაგეთ იმ უდანაშაულო მსხვერპლს, რომელიც ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში გაიღო . ამ სულისკვეთების შედეგად კი,1991 წელს, 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. მომავალ თაობებს უნდა შევუნარჩუნოთ ის ღირებულება, რომელიც ამ ხალხს აერთიანებდა”, – განაცხადა გივი მოდებაძემ.
9 აპრილის სკვერში,სადაც დაღუპული გმირების ფოტოები გამოიფინა, მემორიალი ასევე ყვავილებით შეამკეს და სანთლები დაანთეს საზოგადოების წარმომადგენლებმა.
მამა თეიმურაზ რუხაძემ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
დღეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა. ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა