რუსთავში ქალს ჯერ სცემეს, შემდეგ კი ჯგუფურად გააუპატიურეს – ოთხივე მოძალადე დაკავებულია

რუსთავში ახალგაზრდა ქალი სამმა კაცმა გააუპატიურა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით 32 წლის ქალი ფონიჭალა-რუსთავის გზატკეცილზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა სამმა მამაკაცმა ძალის გამოყენებით ავტომობილში ჩასვეს და რუსთავში, ცენტრალური პარკის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის სანაპიროზე სამშენებლო მასალის მოსაპოვებელ კარიერთან მიიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მისულ სამ მამაკაცს კიდევ ერთი პიროვნება შეუერთდა, რომელიც კარიერის დაცვის თანამშრომლად იყო დასაქმებული.

ოთხივე მათგანი ახალგაზრდა ქალს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი სამმა კაცმა მასზე სექსუალურად იძალადა. გაუპატიურებაში მონაწილეობა მიიღო კარიერის დაცვის თანამშრომელმაც.

ახალგაზრდა ქალმა ფიზიკური და სექსუალური ძალადობის შემდეგ გაქცევა მოახერხა და ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს აცნობა. პოლიციელებმა ოთხივე პირი დააკავეს.

დაკავებულების სასამართლო პროცესი რუსთავის საქალაქო სასამართლოში გაიმართა და მოსამართლე მადონა მაისურაძემ ოთხივეს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საქმის პროკურორის თინათინ სტურუას განცხადებით, დაკავებულებიდან სამ პირს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 137 მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით. აღნიშნული მუხლები წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და გაუპატიურებას ითვალისწინებს. მეოთხე პირს ბრალად ედება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები