ზვიად შალამბერიძე: მსოფლიოში ასეთი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ამ ადამიანების მიერ მოპოვებული თავისუფლება კიდევ უფრო მეტ ფასს იძენს
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
,,საქართველოს თავისი ისტორიის მანძილზე არაერთი გმირობის მაგალითი ახსოვს და სწორედ ასეთია ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში 9 აპრილი. 33 წლის წინ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ქართველ ხალხს შიშველი ხელებით შეუძლია აღუდგეს ტანკებს, როდესაც საქართველოს სიყვარულს და საქართველოს დამოუკიდებლობას ეხება საქმე. განსაკუთრებით დღევანდელ დღეს, როდესაც მსოფლიოში ასეთი გეოპოლიტიკური ვითარება გვაქვს, იმ ადამიანების თავგანწირვით მოპოვებული თავისუფლება კიდევ უფრო მეტ ფასს იძენს. ჩვენი და ჩვენი შთამომავლობის ვალია, გავუფრთხილდეთ ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას” – ზვიად შალამბერიძე.
“9 აპრილი ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია.1989 წლის 9 აპრილს ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ, ორი წლის შემდეგ კი, ზუსტად ამ დღეს, ჩვენ უკვე ოფიციალურად გამოვაცხადეთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.
მადლობა გმირებს, თავისუფლებისთვის!
ჩვენ ვალდებული ვართ, მათ მიერ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და საქართველო იყოს ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი ქვეყნა!”- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ქუთაისში, 1989 წლის 9 აპრილის, მოვლენების ამსახველი ფოტოებიც გამოიფინა.
იმერეთის რეგიონის 12- ვე მუნიციპალიტეტში ამ დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.