აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ქედაში თხილის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოს სამუშაო პროცესს გაეცნო

ედაში, სოფელ ძენწმანში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თხილის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოს სამუშაო პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე გაეცნო.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმო ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან მიიღებს და გადაამუშავებს. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია, გარდა ადგილობრივი ბაზრისა, ევროპის ქვეყნებშიც მოხდება. საწარმოში 15 ადამიანი დასაქმდება.
საწარმო სოფლის მეურნეობის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში 69 788 ლარით დაფინანსდა. ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა შეადგენდა 30 000 ლარს.
,,აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი უკვე მესამე წელია ახორციელებს ერთიან აგროპროექტს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, 2020 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საწარმოების შექმნის მიზნით სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 34 საწარმო. გასულ წლებთან შედარებით, გაორმაგებულია სოფლად მეწარმეობის განვითარების ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობა და განისაზღვრება 24 ერთეული პროექტით’’, – განაცხადა გიორგი სურმანიძემ.
საწარმოს საქმიანობას ასევე გაეცნენ, აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე და აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები