გორის მერმა ჭიდაობის ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვა
გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მამის, გიორგი ხინჩეგაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვა.
ტიტულოვანი სპორტსმენის, ახალგაზრდებს შორის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონის, გიორგი ხინჩეგაშვილის სახელობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში მე-5 წელია იმართება.
შეჯიბრებას შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალური სასპორტო სკოლა ორი დღის განმავლობაში მასპინძლობდა. მასში მონაწილეობას უმცროსი ასაკის ჭაბუკები იღებდნენ. ასპარეზობა ვაჟებს შორის 11, ხოლო გოგონებს შორის 2 წონით კატეგორიაში მიმდინარეობდა.
საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები თასებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. გარდა ამისა, გამარჯვებულებს გადაეცათ სპეციალური პრიზებიც.
ღონისძიება ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.