გიორგი სურმანიძე: ჩვენ ვქმნით ინსტრუმენტებს, რომ ფერმერებმა ნაკლები დანახარჯებით, უფრო მეტი კონკურენტუნარიანი პროდუქცია შექმნან
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე ქედის მუნიციპალიტეტში მევენახე ფერმერებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანი, მევენახეობაში არსებული მდგომარეობის გაცნობა, სამრეწველო ვენახებისა და მეღვინეობის განვითარებასთან ერთად სასუფრე ყურძნის სეგმენტის პოტენციალის გაზრდა იყო.
„ჩვენ ვქმნით ინსტრუმენტებს იმისათვის, რომ ფერმერებმა ნაკლები დანახარჯებით, უფრო მეტი კონკურენტუნარიანი პროდუქცია შექმნან და მეტი შემოსავალი მიიღონ, ჩვენ ვაკეთებთ იმის მაქსიმუმს, რაც გასაკეთებელია, ვდგავართ ჩვენი ფერმერების, მევენახეების გვერდით’’- განაცხადა გიორგი სურმანიძემ ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე, სადაც ქედის მუნიციპალიტეტის მერთან, როლანდ ბერიძესთან ერთად, აგრარულ დარგში განხორციელებულ პროექტებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
ფერმერებთან შეხვედრისას ასევე განიხილეს დარგში არსებული პრობლემები, ახალი ვენახების გაშენებასთან ერთად, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, მუნიციპალიტეტში არსებული ლაბორატორიის შესაძლებლობების გამოყენება.
შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა, აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლევან ბოლქვაძე და აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე.