გზები, სასმელი წყალი, ფერდსამაგრი სამუშაოები, გარე განათება – ქობულეთის მერი მოსახლეობის პრობლემებს სოფლის კრებებზე ეცნობა
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ქობულეთის მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
ადგილობრივების საჭიროებებს, მოთხოვნებს მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელები რამდენიმე სოფელში გაეცნენ.
როგორც ქობულეთის მერი აცხადებს, მოსახლეობამ მათთვის მნიშვნელოვანი, არაერთი საკითხი დაასახელა. კერძოდ, შიდა სასოფლო გზების ბეტონირება, გარე განათებების მოწყობა, ფერდსამაგრი კედლების მოწყობა, სასმელი წლის მილების შეძენა, ადმინისტრაციული ცენტრების კეთილმოწყობა, ომში დაღუპული გმირების მემორიალის რეაბილიტაცია და სხვა.
“აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მივალთ ყველა სოფელში, მოვისმენთ თითოეული მოქალაქის საჭიროებას და შესაბამისად დავგეგმავთ მათ განხორციელებას. მოსახლეობას მადლობას ვუხდით აქტიურობისთვის. ჩვენი, თვითმმართველობის ვალდებულებაა ყოველთვის ვიდგეთ ხალხთან და მოვუსმინოთ მათ. ასე ვაკეთებდით, ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ მათთან ხშირ კომუნიკაციას”, – განაცხადა ლევან ზოიძემ.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ბოლო რამდენიმე წელია მიმდინარეობს. პროგრამა ადგილობრივებს დამატებით საშუალებას აძლევს, მათი საჭიროებების, სურვილისამებრ დაგეგმონ პროექტები.