დავით სონღულაშვილი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის დელეგაციების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
4 აპრილს, მონაკოს სამთავროში, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან მაკა ბოჭორიშვილთან ერთად, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის დელეგაციების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციაზე, რომლის მთავარ მიზანს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის პლენარული სესიისთვის პრიორიტეტული საკითხების შემუშავება და განსაზღვრა წარმოადგენდა, სიტყვით გამოვიდნენ მონაკოს სამთავროს პრინცი ალბერ II და მონაკოს სამთავროს ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) თავმჯდომარე სტეფან ვალერი.
ასამბლეის ფარგლებში, ევროპის რეგიონში მიმდინარე აქტუალური საკითხები და მათ შორის რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში მიმდინარე მძიმე მოვლენები მიმოიხილეს და მოუსმინეს უკრაინის რადას თავმჯდომარეს რუსლან სტეფენჩუკს. კონფერენციის მონაწილეებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს უკრაინელი ხალხისა და უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ.
კონფერენციაზე, თავისი გამოსვლა უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოხატვით დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრმა დავით სონღულაშვილმა და აღნიშნა, რომ რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს.
„მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ჩემმა ქვეყანამ ძალიან კარგად იცის რუსული აგრესია. ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, 21-ე საუკუნისთვის წარმოუდგენელი ძალადობაა, რომელიც ხელს უშლის უკრაინის მისწრაფებებს თავისუფლებისადმი და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს”, – აღნიშნა პარლამენტის წევრმა.
სიტყვით მიმართვისას, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებული თანამშრომლობა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სფეროში, ასევე მსოფლიო ეკონომიკაში, პოლიტიკასა და ისტორიაში, რაც, თავის მხრივ მზარდ და მუდმივად ცვალებად კულტურულ მრავალფეროვნებასაც გულისხმობს.
„ჩვენთვის დიდი პატივია მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ორგანიზაციასთან, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მართლაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების სფეროში, ეკონომიკაში, პოლიტიკასა და ისტორიაში, რომელიც თავის მხრივ მუდმივად ცვალებად კულტურულ მრავალფეროვნებას გულისხმობს. ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იყო ამ გლობალური პროცესის მონაწილე და მეტიც, სიამაყით მინდა ავღნიშნო, რომ ეთნიკური მრავალფეროვნება ჯერ კიდევ პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელ კრებაში გვქონდა და როცა სამოქალაქო თანასწორობაზე, ტოლერანტობაზე, მრავალფეროვნებაზე ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ საუკუნის წინ ვქმნიდით ამ შესაძლებლობებს. დღესაც, სწორედ ამ გზას ვაგრძელებთ. ვაგრძელებთ იმ მიზნის შესრულებას, რომელსაც დემოკრატიის განმტკიცება და განვითარება ჰქვია ჩვენს საზოგადოებასთან ერთად. შესაბამისად, საქართველოსთვის დიდი პატივი იქნება ევროპის რეგიონის პლენარული სესიის მასპინძლობა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოსა და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას,” – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
კონფერენციაზე, სესიის მონაწილეებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2023 წელს სწორედ საქართველო უმასპინძლებს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის ყოველწლიურ პლენარული სესიას.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო, APF-ში 2001 წელს გაწევრიანდა, ხოლო 2012 წელს კონფერენციას უმასპინძლა. 2021 წელს კი გააკეთა ოფიციალური განაცხადი სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც დამკვირვებლის სტატუსიდან ასოცირებულ წევრად გადასვლას გულისხმობს.
ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა წარმოადგენს პოლიტიკური დიალოგისა და აზრთა გაცვლის ფორუმს. ასამბლეა აქტიურად მუშაობს დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით და წარმოადგენს ინფორმაციის გაცვლის პლატფორმას წევრ და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის. დღეის მდგომარეობით, ასამბლეის შემადგენლობაშია 90 ქვეყანა და ტერიტორიული ერთეული მსოფლიოს ხუთი კონტინენტიდან.
ქართული საპარლამენტო დელეგაცია მონაკოს სამთავროში ევროპის რეგიონის მისიის ხელმძღვანელის ჟან შარლ ლუპერტოს სპეციალური მოწვევით იმყოფებოდა.