გაგა აფციაური: რუსთავის მე-12 მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
არც საჩივარია დაწერილი საუბნო საარჩევნო კომისიის დონეზე, ყველა ამომრჩეველს საშუალება ეძლევა მივიდეს და გამოხატოს ნება, – ამის შესახებ რუსთავის მე-20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გაგა აფციაურმა განაცხადა.
მისი თქმით, მე-12 მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
„არც საჩივარია დაწერილი საუბნო საარჩევნო კომისიის დონეზე, ყველა ამომრჩეველს საშუალება ეძლევა მივიდეს და გამოხატოს ნება. ამ ეტაპზე მოსულია რუსთავის ნაწილში, ანუ მე-20 საოლქო საარჩევნო კომისიის 84 უბანზე 19 940 ამომრჩეველი, რაც მოიცავს 18,76%-ს . გარდაბნის ნაწილში 10 თემის 33 უბანზე მოსულია 6014 ამომრჩეველი, რომელიც შეადგენს 19, 2%-ს. ჯამში, მე-12 მაჟორიტარულ ოლქში არჩევანი დაფიქსირებული აქვს 26 354 ამომრჩეველს, რაც არის 18, 82 %”, – განაცხადა გაგა აფციაურმა.