ზუგდიდში ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებისთვის დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მანქანაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებისთვის დაკავებულ 2 პირს პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

დაცვის მხარე ბრალდებულებისთვის გირაოს ითხოვდა, თუმცა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა და მათ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება დაკავებულებს ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მომზადებას და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებას ედავება.

დაკავებულთაგან ერთ-ერთი, ბ. თ ბრალს არ აღიარებს და საქმესთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. უფლებადამცველის განცხადებით, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა არ იცოდა, რა საქმეზე მიდიოდა.
მისივე თქმით, ელოდება მოსამართლის განჩინებას და კლიენტთან შეთანხმებით შესაძლოა ის გაასაჩივროს.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ჯ. ქ-ს, ის თავს დამნაშავედ მხოლოდ ნაწილობრივ ცნობს.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ასაფეთქებელი მოწყობილობის მონტაჟის დროს დააკავეს. მათი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ორი ცალი ხელყუმბარა.

ორივე დაკავებულს ბრალი სსკ-ის 18.109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება, ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები