ზვიად გამსახურდიას 83 წლის იუბილესთან დაკავშირებით ხობში ღონისძიებები გაიმართა

31 მარტი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის დღე და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ღონისძიება ჩატარდა.
ძველ ხიბულაში ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით რეაბილიტირებულ მემორიალურ სახლს, სადაც ეროვნულმა გმირმა, ზვიად გამსახურდიამ თავისი ცხოვრების უკანასკნელი დღეები გაატარა, 2018 წლის 3 აგვისტოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
მუზეუმში ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ, მერის მოადგილეებმა რევაზ ზაქარაიამ და დავით ბერაიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას.
ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ახლად აშენებულ მართალი ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძარში პანაშვიდი ფოთისა და ხობის ეპარქიის სამღვდელოებამ აღავლინა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში ხობის მუნიციპალიტეტის პირველი პრეფექტის თენგიზ ქაჯაიას საფლავი ყვავილებით შეამკეს.
ქ. ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში მომხსენებელმა, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გელა მამფორიამ გამართა კონფერენცია თემაზე ,,ღვაწლი მოწამისა, ღვაწლი მარტვილისა“.

ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

შემოგვიერთდით “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები