“ეს არ არის საზარბაზნე ხორცი” – კოკოითი ცხინვალელი ახალგაზრდების უკრაინაში საომრად გაგზავნაზე რიტორიკას ცვლის

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ექსპრეზიდენტი, ედუარდ კოკოითი ცხინვალის რეგიონიდან ჯარისკაცების უკრაინაში საომრად გაგზავნაზე რიტორიკას ცვლის და ამბობს, რომ მათ „ელემენტარული პირობები“ უნდა ჰქონდეთ.
მხარდამჭერებთან შეხვედრაზე მან ასევე ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომზე და აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს რუსეთის შეჭრას უკრაინაში.
„ჩვენ გვესმის, რომ თუ რუსეთი წააგებს, ჩვენც ყველა ერთად წავაგებთ. ჩვენ ეს ძალიან კარგად გვესმის. ოსეთში არცერთი ადამიანი არ ამბობს “არას”, პირიქით, ჩვენ ვამბობთ: „დიახ, ჩვენ მხარს ვუჭერთ პუტინს, ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთს“. ეს არის ჩვენი, როგორც სტრატეგიული პარტნიორების მოვალეობა.
მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის საზარბაზნე ხორცი, ისედაც ძალიან ცოტა დავრჩით. ჩვენ პრაქტიკულად დავკარგეთ გენოფონდი“, – თქვა კოკოითიმ.

ის უკრაინაში ცხინვალელი ახალგაზრდის, ანდრეი ბაკაევის დაღუპვას გამოეხმაურა და თქვა, რომ მას იცნობდა.

„მას შვილი ერთი თვის განმავლობაშიც კი არ სჭერია ხელში. ვაჟი ობლად დარჩა. და რამდენი ასეთი იქნება ახლა? მოდით ამაზე დავფიქრდეთ. მოდით, ამაში მაინც გავერთიანდეთ ჩვენი ბიჭების გადასარჩენად“, – განაცხადა კოკოითიმ.

აღსანიშნავია, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ექსპრეზიდენტმა ცხინვალიდან უკრაინისკენ წაყვანილი ბიჭები ხაბიზგინებით და ლუდით გააცილა, თუმცა ბოლო დღეებში ადგილობრივი მოსახლეობის გაზრდილი უკმაყოფილების ფონზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და ცხინვალში განთავსებული მე-4 საოკუპაციო სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობის მიმართ, კოკოითიმ რიტორიკა შეცვალა და ადგილობრივი გენოფონდის კატასტროფულ შემცირებაზე ალაპარაკდა.

 

შემოგვიერთდით “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები