ზესტაფონში ვარინკა მაჭავარიანი-წერეთლის სახელობის თეატრონის მშენებლობა – რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ვარინკა მაჭავარიანი-წერეთლის სახელობის თეატრონის მშენებლობა- რეაბილიტაცია დაიწყო.

მიმდინარე სამუშაოები ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ყოველ წელს მასპინძლობს ხალხური და ლირიკული სიმღერების ფესტივალს „სულიკო“ რომელიც სოფელ ცხრაწყაროში, ღია თეატრონზე იმართება. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ სრულიად განახლდება არსებული ინფრასტრუქტურა. განახლებული თეატრონი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ფესტივალი უფრო მასშტაბური გახდეს და იმერეთის რეგიონთან ერთად მასში სხვა რეგიონებიც ჩაერთონ“, – აღნიშნა ვასილ გველესიანმა.

რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია, როგორც სცენის, ასევე არსებული სამაყურებლო სივრცის მოცულობის გაზრდა და გადახურვა, სცენასთან გასახდელების და საკვანძეების მოწყობა. ეზოს კეთილმოწყობა და შემოღობვა.

პროექტის შესაბამისად გასახდელები წარმოადგენს კარკასულ ერთსართულიან ნახევარიწრის ფორმის შენობას, სადაც განთავსებულია ორი გასახდელი საკვანძეებით. გასახდელ ოთახებში დაგეგმილია ვერანდების მოწყობა. შენობის დახურვა იგეგმება მონოლითური რკინაბეტონით. ოთახებში მოეწყობა ლამინირებული იატაკი, საკვანძეებში მეტლახი, ხოლო ვერანდასა და დერეფანში კერამოგრანიტი. სცენა გადაიხურება ლითონის კონსტრუქციით. სცენიდან სამხრეთ მხარეს დაგეგმილია ბეტონის სამაყურებლო ტრიბუნები, რომელიც ასევე გადახურულია ლითონის კონსტრუქციით. თეატრონის ტერიტორიაზე მოეწყობა დეკორატიული ბეტონის ბილიკები, განთავსდება ეზოს სკამები. დამონტაჟდება მაღალი და დაბალი განათების ბოძები. თეატრონის აღმოსავლეთ მხარეს გათვალისწინებულია ბავშვებისთვის სათამაშო ატრაქციონების მოწყობა კაუჩუკის საფარზე. ბეტონის გასწვრივ მოეწყობა ლითონის ღობე, რომელზეც დატანილი იქნება „სულიკოს“ მელოდიის ნოტები, ხოლო სამი მხარეზე მოეწყობა ლითონის ჩარჩოში ჩასმული ბადის ღობე.

სატენდერო ვალდებულებით, ვარინკა მაჭავარიანი – წერეთლის სახელობის თეატრონის რეაბილიტაციას სს „სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთი“ ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები