მცხეთაში მაგნოლიების ხეივანი მოეწყო
საქართველოს უძველესი დედაქალაქის – მცხეთის ქუჩების მოწესრიგება აქტიურ ფაზაში შედის. საფეხმავლო ბილიკების, სკვერებისა და სასეირნო ბულვარის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ქალაქის გამწვანების აქციაც დაემატა.
მუზეუმქალაქის ცენტრში მოქალაქეები უკვე შეამჩნევდნენ მაგნოლიების ხეივანს, რომელმაც აშკარად გაალამაზა ცენტრალური ქუჩა.
ფოსტის მიმდებარედ რეაბილიტირებულ ტერასებზე დაირგვება ულამაზესი ბუჩქოვანი და ყვავილოვანი მცენარეები. იმ ადგილებში კი, სადაც დაზიანებული და გამხმარი ხეები მოიჭრა, ჩანაცვლდება უნიკალური ნეკერჩხლის ჯიშის ხეებით.
ასევე, მოწესრიგდება ნარეკვავის მხრიდან ქალაქის შემოსასვლელი.
რამდენიმე დღეში გაკეთდება დაახლოებით 200 მეტრის “მწვანე კედელი“ და გზის გასწვრივ ფოთლოვანი ხე-მცენარეების მწკრივი. ამ ადგილას მოეწყობა ახალი განათებები და სასეირნო ბულვარი.
დღეს, ქალაქის გამწვანების სამუშაოები საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა და მერის მოადგილე გივი გიუტაშვილმა ადგილზე დაათვალიერეს.
გამწვანების აქციის ფარგლებში – მინდვრის ნეკერჩხალი, ირმის რქა, დიდყვავილა მაგნოლია, ლეილანდის კუპრესოციპარისი, მრავალღეროიანიირმის რქა, ბურთის ფორმის ფოტინია, იაპონური კვიდო, ნანდინაფოტინია და ჩინური ლოროპეტალუმი, ჯამში 915 ნერგი მაისის ბოლომდე დაირგვება.
შპს „მწვანე ნერგები“ ხეების დარგვის სამუშაოებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დავალებით ახორციელებს.
ამასთანავე, კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ დარგულ მცენარეებს ერთი წლის განმავლობაში მოუვლის.
შემოგვიერთდით “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge