გურჯაანის სოფლების წყალმომარაგებისთვის 27 მილიონი ლარის პროექტები ხორციელდება
წყალმომარაგების კომპანია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების – ვეჯინის, კოლაგის, სოფელ გურჯაანის, ძირკოკისა და ჭანდარის 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს აგრძელებს.
სოფლებში უკვე შესრულებული სამუშაოების პროგრესს, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე, მოადგილესთან აკაკი მშვიდობაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო და კონტრაქტორისგან პროექტით დაგეგმილ შემდეგ სამუშაოებზე დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – ვეჯინსა და სოფელ გურჯაანში აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობები. სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია სოფელ კოლაგშიც. ხოლო, საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს ძირკოკსა და ჭანდარში. პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდება ეტაპობრივად, 2023 -2024 წლებში, რის შემდეგაც ხუთივე სოფლის მოსახლეობას ექნება 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგება’’, – განაცხადა ალექსანდრე თევდორაძემ.
დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ სოფლებში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემები არ არსებობს. მოსახლეობას წლებია წყალი შეზღუდულად მიეწოდება.
პროექტებით გათვალისწინებულია რეზერვუარების, ჭაბურღილების, სატუმბო სადგურების, მაგისტრალური მილებისა და წყალმომარაგების ქსელების მოწყობა.
სამუშაოებს, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 27 მილიონ ლარამდე მოხმარდება.
შემოგვიერთდით “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge