„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნებიდან „ქართული ოცნების“ კანდიდატის, რამაზ ჯინჭარაძის მოხსნას ითხოვს. ამის შესახებ პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი კირთაძის ინფორმაციით, რამაზ ჯინჭარაძე ე.წ ოცნების ქალაქში ხმების სანაცვლოდ მოქალაქეებს ბინების გადაცემას დაჰპირდა.
“ჩვენ ვაგრძელებთ სიის შესწავლას და გვინდა საზოგადოებას წარვუდგინოთ თუ რომელი მუნიციპალიტეტებიდან გადმოეწერა ხალხი ბათუმის მეოთხე ოლქში. სიის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან გადმოწერილი ადამიანები, აქ არის მათი სახელები, გვარები და ოლქები, სადაც 2 ოქტომბრის არჩევნებში იღებდნენ მონაწილეობას. ასევე, არიან ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევში, ხულოში, ლაგოდეხში, ადიგენში, მარნეულში, ოზურგეთში, წალკაში, თბილისში, დედოფლისწყაროში, ხობში, ხონში, ახალქალაქში, ასპინძაში, ქარელსა და ხაშურში რეგისტრირებულები, რომლებიც ახლა ბათუმის საკრებულოს წევრის არჩევას აპირებენ. ამ ადამიანების მოსყიდვა მიმდინარეობს, ნაწილს ჰპირდებიან თანხას ან ბინებს – მოქალაქე ავთანდილ ფუტკარაძეს რამაზ ჯინჭარაძე შეხვდა და ბინას დაჰპირდა, ხმის სანაცვლოდ.
ესაა ყაჩაღობა და არჩევნების იდეის დასამარებაა, სწორედ ამიტომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეგვაქვს სარჩელი, რეგისტრაციიდან მოიხსნას რამაზ ჯინჭარაძე, რომელიც საარჩევნო ხმებს ყიდულობს”, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.