ნინო ლაცაბიძე: სწორი ურბანული განვითარება, მოქნილი მუნიციპალური სერვისი და ქალაქის განვითარების გეგმა რუსთავის ახალ შესაძლებლობებს გამოავლენს
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ქალაქის ურბანული განვითარების ახალი შესაძლებლობებისა და მერიის არქიტექტურის სამსახურის რეფორმის პრეზენტაცია წარადგინა.
პრეზენტაციას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლები, არქიტექტორები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ბოლო 4 წლის განმავლობაში, რუსთავში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობამ, 350 მილიონ ლარს გადააჭარბა. ინვესტიციის ძირითადი წილი სწორედ დეველოპერულ კომპანიებზე მოდის. ,,დეველოპერული კომპანიების მხრიდან რუსთავისადმი ინტერესი მზარდია, რამაც ქალაქი ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. ჩვენ დავიწყეთ არქიტექტურის სამსახურის რეფორმის პირველი ეტაპი, სწორი ურბანული განვითარების ხედვასთან ერთად, აუცილებელია გვქონდეს ძლიერი მუნიციპალური სერვისი, რომელიც სწრაფი, ეფექტური და მოქნილი იქნება. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კი ახალ გენერალურ გეგმაზე მუშაობაა. ვფიქრობთ, რომ ამ დოკუმენტით, ჩვენი ქალაქის ახალი შესაძლებლობები გამოვლინდება”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახურის რეფორმის პირველი ეტაპი, თანამედროვე ელექტრონული სერვისებს, ღია კონკურსს არქიტექტორებისთვის, ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას, ეკოლოგიურ პაკეტებს, მწვანე ქალაქის კონცეფციას, ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმის ახალ ხედვას მოიცავს. ,,რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გაგვაცნო ახალი ხედვები თუ როგორ უნდა განვითარდეს ურბანულად სწორად და არქიტექტურულად ქალაქი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და შრომატევადი პროცესია”, – განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა.
რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის კობა ძლიერიშვილის განცხადებით, ახალი გენერალური გეგმა, ქალაქს ქაოსური მშენებლობებისგან დაიცავს და მის ურბანულ განვითარებას სწორ მიმართულებას მისცემს.