ირაკლი ჭეიშვილი:„ნაცმოძრაობა“ მიზეზს ეძებს, წაგებულ არჩევნებში როგორმე მონაწილეობა აღარ მიიღოს

 

„ნაციონალური მოძრაობა“ მიზეზს ეძებს, რომ წაგებულ არჩევნებში როგორმე მონაწილეობა აღარ მიიღოს. მათ კარგად იციან შიდა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ბათუმში საკრებულოს შუალედურ არჩევნებს პირწმინდად აგებენ, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ბათუმის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ჭეიშვილი “ნაცმოძრაობის” ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც შუალედური არჩევნების წინ “ოცნებამ” ბათუმში ამომრჩეველთა რაოდენობა ხელოვნურად გაზარდა.

„საქმე გვაქვს მათემატიკის უცოდინრობასთან. გასული წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ბათუმის მეოთხე მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებული იყო 2 0138 ამომრჩეველი, 15 მარტის მონაცემებით რეგისტრირებულია 2 0635, ანუ დაახლოებით 500 კაცია სხვაობა. ამ ხუთასიდან 99 სრულწლოვანი გახდა. ოლქის ტერიტორიაზე ადგილზევე მისამართი 235 პირმა შეიცვალა, პირადობა აღადგინა 138-მა. კითხვა მაქვს, თუ ისე შეიძლება არჩევნების მოგება, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, თვითონ არ დაარეგისტრირებდნენ მომხრეებს? არ გაუკეთებიათ თუ არ უკადრებიათ“, – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართული ოცნება“ ბათუმში, ორი აპრილისთვის დაგეგმილი საკრებულოს შუალედური არჩევნების წინ ამომრჩეველთა რაოდენობის ხელოვნურად გაზრდაში დაადანაშაულა. გიორგი კირთაძის განცხადებით, ბათუმის მეოთხე საარჩევნო ოლქში 1 053 ახალი ამომრჩეველი პირველიდან 16 მარტამდე დარეგისტრირდა. პარტიამ რეაგირებისთვის ცესკოს მიმართა. ამასთან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ თუ ამომრჩეველთა სიები არ დაუბრუნდება გასული წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მონაცემებს, რადიკალურ ქმედებებს მიმართავენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები