განახლებულ სიებთან დაკავშირებით ახალ მონაცემებს არ ვფლობ, – ასე ეხმაურება ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე “ნაცმოძრაობის” განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს შუალედური არჩევნების წინ ამომრჩეველთა რაოდენობა ბათუმში ხელოვნურად გაზრდილია.
ციალა შავაძის განცხადებით, რეგისტრაციის შემთხვევაში, რასაც კანონი არ არეგულირებს და არ კრძალავს, ოლქი ვალდებულია პირები ამომრჩეველთა სიაში შეიყვანოს.
„განახლებულ სიებთან დაკავშირებით ახალ მონაცემებს არ ვფლობ. მხოლოდ ის შემიძლია, გითხრათ, რომ თუ უბანზე მოხდა ცვლილება, რასაც კანონი არ კრძალავს, ჩვენ ვერ წავართმევთ ასეთ ამომრჩეველს მის კონსტიტუციურ უფლებას“, – განაცხადა ციალა შავაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართული ოცნება“ ბათუმში, ორი აპრილისთვის დაგეგმილი საკრებულოს შუალედური არჩევნების წინ ამომრჩეველთა რაოდენობის ხელოვნურად გაზრდაში დაადანაშაულა. გიორგი კირთაძის განცხადებით, ბათუმის მეოთხე საარჩევნო ოლქში 1 053 ახალი ამომრჩეველი პირველიდან 16 მარტამდე დარეგისტრირდა. პარტიამ რეაგირებისთვის ცესკოს მიმართა. ამასთან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ თუ ამომრჩეველთა სიები არ დაუბრუნდება გასული წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მონაცემებს, რადიკალურ ქმედებებს მიმართავენ.