ბათუმში “ნაცმოძრაობა” მმართველ პარტიას შუალედური არჩევნების წინ ამომრჩეველთა რაოდენობის ხელოვნურად გაზრდაში ადანაშაულებს

„ნაცმოძრაობა“ მმართველ პარტიას ბათუმში, ორი აპრილისთვის დაგეგმილი საკრებულოს შუალედური არჩევნების წინ ამომრჩეველთა რაოდენობის ხელოვნურად გაზრდაში ადანაშაულებს. შესაბამისი განცხადება აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ბრიფინგზე გააკეთეს.
გიორგი კირთაძის განცხადებით, ბათუმის მეოთხე საარჩევნო ოლქში 1 053 ახალი ამომრჩეველი პირველიდან 16 მარტამდე დარეგისტრირდა.

„ეს არის ყაჩაღობა, სხვა სახელს ვერ დავარქმევთ. არჩევნების წინ 1 053 ამომრჩეველი დაარეგისტრირეს. ამ ამომრჩეველს კი მონაწილეობა აქვს მიღებული ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის, წალკის, ლანჩხუთის საარჩევნო ოლქებში ადგილობრივი არჩევნების დროს და ახლა უცებ ამდენი ადამიანი ერთბაშად გადასახლდა, მათ შორის 400-ზე მეტი ამომრჩეველი ერთსა და იმავე მისამართზე, აღმაშენებლის 188 ნომრის მიმდებარედ დარეგისტრირდა. რა თქმა უნდა, ეს არის საარჩევნო ყაჩაღობა“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ რეაგირებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს და თუ საარჩევნო სიები არ დაუბრუნდება გასული წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მონაცემებს, პარტიაში არ გამორიცხავენ რადიკალურ ქმედებებს, მათ შორის, ბოიკოტს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები