ყაზბეგში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება აქტიურად მიმდინარეობს
ყაზბეგში, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება აქტიურად მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით უკვე შეძენილია პირველადი მოხმარების ნივთები და მედიკამენტები. ტვირთის მობილიზების პროცესში, ასევე, ჩართულია მუნიციპალიტეტის საკრებულო, კერძო და სამოქალაქო სექტორი.
“სოლიდარობას გამოვხატავთ უკრაინელი ხალხის, ჩვენი მეგობარი ერის მიმართ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე, ბიზნეს-სექტორს, თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების პროცესში მონაწილეობას იღებს”, – განაცხადა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ტარიელ ხულელიძემ.
აღსანიშნავია, რომ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, საქართველოს რეგიონებში შეგროვილი 150 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი რამდენიმე დღის წინ უკვე გაიგზავნა. ტვირთის ტრანსპორტირების ლოჯისტიკის პროცესს საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს.
ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.