,,აწარმოე საქართველოში” მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშესაწყობად ბიზნეს იდეების მიღებას იწყებს
2022 წლის მარტიდან ,,აწარმოე საქართველოში” მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშესაწყობად ბიზნეს იდეების მიღებას იწყებს.
ამასთან დაკავშირებით ა (ა) იპ ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, გელა ზოიძემ მეწარმეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, გარდა აღნიშნული პროგრამის 2020 წლის გამარჯვებული ბენეფიციარებისა და 2015-2018 წლების არაუმეტეს ერთხელ უკვე დაფინანსებული ბენეფიციარებისა.
არსებული ინფორმაციით, პროგრამის გრანტის მოცულობა 30 000 ლარი იქნება, ხოლო ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოს მთავრობის მიერ დაწყებული საპილოტე ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულ რეგიონებში (იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, გურია და კახეთი) არა უმეტეს 40 000 ლარისა.
პროგრამის ფარგლებში 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსებაა შესაძლებელი.
პროგრამაში მონაწილეობისათვის ბიზნესიდეების მიღება დაიწყო და გაგრძელდება 11 აპრილის 15:00 საათამდე.
პროგრამა მიზნად ისახავს მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
საინფორმაციო შეხვედრას ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი ესწრებოდა.