“ცრუ მეუფეს არ შეიძლება ჰქონდეს მღვდელმსახურება” – ბალდის ტაძრის ეზოში განკვეთილი ბერები შეიკრიბნენ

მარტვილში, ბალდის ტაძრის ეზოში დაპირისპირებაა. როგორც განკვეთილი სასულიერო პირები აცხადებენ, ისინი მეუფე სტეფანეს წირვის ჩატარების უფლებას არ მისცემენ.

„ცრუ მეუფეს, ჩვენი ერის და მართლმადიდებლობის საშინლად მგმობელს, მატყუარას და ურცხვ კაცს, რომელსაც არ შეიძლება ჰქონდეს მღვდელმსახურება, მე არ ვაძლევ ამის საშუალებას. ის არის ცრუ, მე ვდებ მას ბრალს სამშობლოს გაყიდვაში.
2008 წელს აქ მებრძოლები იყვნენ მოსულები, რუსულ ჯარს გამოქცეულები ჩვენ შევიფარეთ, მაშინ რა საშინელ მდგომარეობაში ვიყავით, ყველა ვტიროდით, სამშობლოს გვინადგურებდნენ. ამის გახსენების მაგივრად, უნამუსოდ ამბობს, ჩვენ რომ არ შეგვეჩხიკინებინა, ეს არ იქნებოდაო. ვინ დაპატიჟა რუსეთი ჩვენს სამშობლოში? ვინ სთხოვა რუსეთს ჩვენს სამშობლოში შემოსვლა? ყველა ის მღვდელმსახური, ვინც მას ემორჩილება, არის მატყუარა და ცრუ”, – განაცხადა განკვეთილმა სასულიერო პირმა, ათინოგენემ.

როგორც ჩოხოსანთა საზოგადოების ხელმძღვანელმა ზვიად სეხნიაშვილმა განაცხადა, ჩოხოსნები და მრევლის ნაწილი მარტვილში, ბალდის ტაძარში იმყოფება და განდეგილმა სასულიერო პირებმა მათ კარი ჩაუკეტეს.

„ჩვენ მოვედით წირვაზე, დიდმარხვაა და წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია დაგვხვდა. ამ ამბოხებულებმა ჩაკეტეს კარები და წირვის საშუალებას არ აძლევენ მღვდელმთავარს, რომელიც ელოდება, რომ გაიღება კარი, რათა ჩაატაროს წირვა. ამათ რაც უნდოდათ, ის ცირკი დადგეს. ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ადამიანებს, ჩვენც საკადრისი პასუხი გავეცით. ჩვენ ჩვენი პატრიარქის შეურაცხყოფას არავის ვაპატიებთ”,- განაცხადა ზვიად სეხნიაშვილმა.

სიტუაცია ტაძრის ეზოში რამდენჯერმე დაიძაბა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები