“აქ ყველაფერი საოცარია” – ფილიპინელი წყვილის ისტორია, რომელმაც ხელი სიღნაღში მოაწერა

ფილიპინელი წყვილის დაუვიწყარი ქორწილი საქართველოში – ჯონ და ნატალი ატიენზებმა ხელი სიყვარულის ქალაქში, სიღნაღში მოაწერეს. როგორც წყვილი “კვირასთან” აღნიშნავს, საქართველოში პირველად ჩამოვიდნენ და მიზანი მათი სამუდამო კავშირის ჩვენს ქვეყანაში ოფიციალურად გაფორმება იყო.

“2017 წლიდან ერთად ვართ და ჯერ კიდევ 2020-ში ვგეგმავდით საქართველოში დაქორწინებას, თუმცა პანდემიამ შეგვიშალა ხელი. ისეთი ტროპიკული ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენი სამშობლოა, საქართველოში აღფრთოვანებულები ვართ ყველაფრით, თოვლით, რომელიც ჩვენთვის უცხოა. ამასთან, თქვენი ქვეყანა ცნობილია საუკეთესო ღვინით”, – ამბობს ჯონ ატიენზა.

წყვილი დღეს სამშობლოში ბრუნდება, როგორც თავად ამბობენ, საქართველოდან საუკეთესო მოგონებები მიაქვთ. “ყველაზე შესანიშნავი გამოცდილება მივიღეთ საქართველოში. აქ ყველაფერი საოცარია. სასიამოვნო და სტუმართმოყვარე ადამიანებმა ჩვენი მოგზაურობა კიდევ უფრო მეტად საინტერესო გახადეს. მადლობა მათ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი დღის გალამაზებისთვის” , – თქვა ნატალიმ.

ჯონს და ნატალის ქორწილის ორგანიზებაში ქართული ტურისტული კომპანია Grand travel group დაეხმარა. როგორც კომპანიაში “კვირას” განუცხადეს, ფილიპინელი წყვილი პირველია ვინც მათი დახმარებით საქართველოში დაოჯახდა.

“მიუხედავად იმისა, რომ ორი წელია ვოპერირებთ საქართველოს ტურისტულ ბაზარზე, ასეთი შემთხვევა პირველად გვქონდა. სასიამოვნო და ემოციური გამოცდილება იყო ჩვენთვის. როგორც თქვეს, ჯერ კიდევ 2020 წელს გეგმავდნენ საქართველოში ქორწილს, თუმცა პანდემია ხელის შემშლელი აღმოჩნდა  მათთვის. საუბარში გავიგეთ რომ მათი სურვილი იყო აქ დაქორწინებულიყვნენ, ჩვენმა კომპანიამ კი ყველაფერს ორგანიზება გაუკეთა და სიღნაღში მოაწერეს ხელი. მათთვის ისიც აღმოჩენა იყო რომ საქართველოში სიყვარულის ქალაქი გვაქვს და სწორედ იქ გადაწყვიტეს ოფიციალური ცერემონიის გამართვა”, – აცხადებენ ტურისტულ კომპანიაში.

სიყვარულის ქალაქად წოდებული სიღნაღი უკვე ათეულ წელზე მეტია წყვილებისთვის ყველაზე სასურველ ადგილად იქცა, არა მარტო საქართველოდან, არამედ მსოფლიოდან. აქ წლის განმავლობაში ასობით ტურისტი აწერს ხელს და იქმნის წარუშლელ მოგონებებს პატარა და ულამაზესი ქვეყნიდან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები