საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა
დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი – ავთანდილ გულიკაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, მანანა ცუცქირიძესთან ერთად სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლაში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
“მოსწავლეებმა პერფორმანსის სახით წარმოადგინეს ტრადიციული დღესასწაულის მნიშვნელობა და არაერთი ლექსი შემოგვთავაზეს”, – აღნიშნულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.
ავთანდილ გულიკაშვილმა აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს დღესასწაული მიულოცა.
“ჩემო თანამოქალაქეებო, გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს და გაზაფხულის შემობრძანებას! დღეს, აქ იმისთვის ვარ, რომ ეს დღესასწაული მოგილოცოთ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ ღონისძიებისთვის, შრომისთვის – პედაგოგებს, მოსწავლეებს, მშობლებს.
თითოეულ თქვენგანს, თქვენს ოჯახებს ვუსურვებ წარმატებას, ხვავსა და ბარაქას. ნოვრუზ ბაირამი ოჯახური დღესასწაულია და საქართველო, როგორც ერთიანი ოჯახი, თითოეული ჩვენი მოქალაქე, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, ამ დღესასწაულის თანაზიარია.
ჩვენ, მრავალწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს, ერთი ქვეყნის შვილები ვართ. პირველ რიგში გვაერთიანებს სურვილი – გვქონდეს მშვიდობა და კეთილდღეობა!”, – განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.