ძლიერი თოვის გამო, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ძლიერი თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი და ტარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება ავტოტრანსპორტის განვლადობის შენარჩუნებისათვის. მათ შორის იწმინდება სოფლის შიდა საუბნო გზები. ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადგილობრივ ხელისუფლებას, არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვს. ამჯერად, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მოადგილეებთან გიორგი ჩიფჩიურთან, გოჩა ქავთარაძესთან და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერ დიმიტრი ზურაბიშვილთან ერთად, ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა. სამხარეო ადმინისტრაციისა და მერიის წარმომადგენლები გზებზე არსებულ ვითარებასა და გაწმენდით სამუშაოებს გაეცნენ.

მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა მოქალაქეებს საავტომობილო გზებზე დაწესებული რეჟიმების დაცვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ უამინდობის გამო, გადაადგილებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემები ეტაპობრივად ყველგან მოგვარდება.

„მნიშვნელოვანია, დიდთოვლობის გამო, შექმნილი პრობლემები დროულად აღმოვფხვრათ. ამიტომაც, რეგიონის მასშტაბით მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება ტექნიკური და ადამიანური რესურსით.

ახლა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ნაფეტვრებში ვიმყოფებით, სადაც გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. უხვი ნალექის გამო, საჭირო გახდა დამატებითი ტექნიკის მობილიზება, რომელიც ადგილზე უკვე მუშაობს.

მოსახლეობას ბოდიშს ვუხდი იმ დისკომფორტისათვის, რომელიც უამინდობამ შეუქმნა. ჩვენ ვაგრძელებთ სამუშაოებს და არსებული პრობლემების გადაჭრას ეტაპობრივად ყველგან შევძლებთ“, – განაცხადა დავით ნოზაძემ.

გზების გაწმენდითი სამუშაოები, მხარის მასშტაბით, ღამის საათებშიც აქტიურად მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები