მესტიის მუნიციპალიტეტში NATO-ს შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ეროვნული სასახლის თბილისის ამერიკული კუთხის ეგიდითა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, პლატფორმის – „ახალგაზრდები ნატო-ში ინტეგრაციისთვის“ – წარმომადგენლებმა მესტიის მუნიციპალიტეტში 17-18 მარტს განახორციელეს პროექტი: „ზემო სვანეთში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერებისა და ჩართულობის ამაღლება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისა და რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესებში“.
პლატფორმის წევრებმა შეხვედრები გამართეს დაბა მესტიისა და მესტიის მუნიციპალიტეტის ექვსი სოფლის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან. ანალოგიური შეხვედრები გაიმართა მესტიის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, ასევე, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
საინფორმაციო შეხვედრებზე პლატფორმის წარმომადგენლებმა განიხილეს ნატო-ს ისტორია და მისი დღევანდელი საქმიანობა, ნატო-საქართველოს ურთიერთობები და ინტეგრაციის პროცესში არსებული გამოწვევები. ასევე, მოეწყო დისკუსიები ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მდგარი სირთულეების, საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში მონაწილეობისა და რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებული მითების შესახებ. შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკური მისწრაფებების წარმატებული რეალიზების პროცესში. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ეს პროექტი.
პროექტის განხორციელებას მხარს უჭერდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და კვლევითი ორგანიზაცია „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GIP).

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები