ჩხოროწყუში “განახლებული რეგიონების” პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
ქალაქ ჩხოროწყუში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების” ფარგლებში ცენტრალური სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩხოროწყუს მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, აღნიშნული პროექტით გათვალისწინებულია ქალაქ ჩხოროწყუს აღმაშენებლისა და გობეჩიას ქუჩების რეაბილიტაცია.
სამუშაოები ასევე მოიცავს:
მუზეუმისა და სახელოვნებო სკოლის ფასადების შეკეთებას.
ქალაქის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერისა და სპორტული მოედნების მოწყობას.
მერიის შენობის ფასადის, ტროტუარებისა და გაზონების რეაბილიტაციას.
ცენტრალური სკვერის რეაბილიტაციას.
აღმაშენებლის ქუჩაზე სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული შენობების ფასადების რეაბილიტაციას.
მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ობელისკის რესტავრაციას.
პოლიციის შენობის ფასადისა და ტროტუარის რეაბილიტაციას
ქალაქ ჩხოროწყუში აქტიურად მიმდინარეობს ასევე კულტურის სახლის შენობის სრული რეაბილიტაცია.
ჩხოროწყუს კულტურის სახლი ავარიულ მდგომარეობაში იყო და მისი რეაბილიტაცია აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენდა.
კულტურის სახლის რეაბილიტაციას სახელმწიფო 4 601 202 ლარით აფინანსებს.
მიმდინარე სამუშაოებს დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა,მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და სამეგრელო – ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.