ქუთაისის მუნიციპალიტეტი ევროკავშირის მიზნობრივ დახმარებას მიიღებს
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ( M4EG ) ფარგლებში, 225 000 ევროს მიზნობრივ დახმარებას მიიღებს.
ამის შესახებ ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გაავრცელა ინფორმაცია.
ქუთაისის მუნიციპალიტეტი მიზნობრივი დახმარების ფარგლებში მუნიციპალური გარდაქმნის პორტფელებს შექმნის და მათ დანერგვას დაიწყებს.
აღნიშნულ დახმარებას მიიღებს საქართველოს რვა მუნიციპალიტეტი.
„ქუთაისი აქტიურად არის ჩართული და წარმოდგენილი სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამებში. ჩვენმა ქალაქმა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობით არაერთი გრანტი მოიპოვა და მიღებული დაფინანსებით ქუთაისისთვის მნიშვნელოვანი არაერთი პროექტი განახორციელა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ( M4EG ) ფარგლებში მიღებული 225 000 ევრო მიზნობრივად იქნება გამოყენებული , რაც ქუთაისის განვითარებას და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.“- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობა მუნიციპალურ განვითარებაში სისტემური მიდგომების დანერგვასა და მდგრადი და ინკლუზიური მოდელების შექმნას მოხმარდება.