პროკურატურამ სოფელ ნორიოში მომხდარი განზრახ მკვლელობის და განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ სოფელ ნორიოში მომხდარი განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, დ.ყ.-ს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2022 წლის 9 მარტს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნორიოში, დ.ყ.-მ, მომხდარი კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, სანადირო თოფიდან ზ.ქ.-ს, ი.შ.-ს და ვ.ქ.-ს მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად მიღებული დაზიანებით ი.შ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ზ.ქ.-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო, მისი გადარჩენა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა.
სამართალდამცველებმა დ.ყ. 10 მარტს დაბა სურამში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 19, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.