ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის რიგით 105-ე შეხვედრა დასრულდა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 105-ე შეხვედრა დასრულდა. მხარეებმა საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება განიხილეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ შეხვედრაზე მიიღო ინფორმაცია უკანონოდ დაკავებული მამუკა ჩხიკვაძის შესახებ, რომლის სასამართლო პროცესიც ოკუპირებულ ცხინვალში 9 მარტს შედგება.
შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს სხვა მოქალაქეების შესახებაც, თუმცა როდის მოხდება მათი გათავისუფლება, ამაზე დე ფაქტო რეჟიმს პასუხი კვლავ არ აქვს. ასევე უპასუხოდ დარჩა ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნა, ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით გამშვები პუნქტის გახსნის შესახებ, სადაც ჰუმანიტარული კრიზისია შექმნილი.

ანთაძის განცხადებით, დე ფაქტო რეჟიმი კვლავ ითხოვს ჩორჩანაში ქართული საპოლიციო საგუშაგოს მოხსნას. რაც შეეხება საოკუპაციო ხაზთან ვითარებას, ირაკლი ანთაძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ადგილზე ვითარება მშვიდია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები