თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის (UN-WOMEN) ხელმძღვანელთან, კაორი იშიკავასთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად იმსჯელეს „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების” დღის წესრიგზე; შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შეიარაღებული კონფლიქტების დროს და მათი შედეგების გავლენის გათვალისწინებით, ქალები არა მარტო განსაკუთრებულად მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ, არამედ მათ ასევე გამორჩეული როლი აკისრიათ კონფლიქტის პრევენციისა და მშვიდობიანი მოგვარების პროცესში; მხარეებმა ასევე გაცვალეს ხედვები სამშვიდობო პროცესში ქალთა აქტიური ჩართულობის გაძლიერების მხარდასაჭერად.
აღნიშნულ კონტექსტში, თეა ახვლედიანმა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის ძალისხმევა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში ქალთა და ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების აქტიური ჩართულობის ხელშესაწყობად. მათ შორის, 2021 წელს აპარატთან შექმნილი ინსტიტუციონალიზებული პლატფორმის მეშვეობით, ასევე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების საჭიროებების გამოვლენისა და მათზე სათანადო რეაგირების უზრუნველსაყოფად.
თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის როლისა და ჩართულობის მნიშვნელობას საქართველოში „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების” დღის წესრიგის გატარების პროცესში, მათ შორის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების დახმარების კუთხით. თავის მხრივ, კაორი იშიკავამ კიდევ ერთხელ დაადასტურა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის მხარდაჭერა და ამ და სხვა საკითხებზე შემდგომი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.