წალენჯიხაში დარჩენილ უკრაინულ ოჯახს, რომელიც სამშობლოში ვერ ბრუნდება, ადგლობრივი შეიფარებს, მერია კი სხვა საჭიროებებს უზრუნველყოფს
წალენჯიხელი ნინო მჭედლიშვილი საქართველოში დარჩენილ უკრაინულ ოჯახს უმასპინძლებს, ხოლო ადგილობრივი მერია მათ სხვა საჭიროებებს უზრუნველყოფს. სერჟანა და ვლადიმერ ერემეევები თბილისიდან ცოტა ხნის წინ ჩამოვიდნენ. ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე მათ მიმღები ოჯახის წევრები, წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა და მისი მოადგილე თამარ ბელქანია დახვდნენ.
“ჩემი მეგობარი მუშაობს სასტუმროში, სამი დღის წინ დადო სტატუსი, რომ ჰყავდა სასტუმროში ოჯახი უკრაინიდან, რომლებიც ჩამოვიდნენ 23 თებერვალს და სასტუმროში გაჩერების ვადა ეწურებოდათ 3 მარტს. უკან ვერ ბრუნდებოდნენ, თვითონ ამ მეპატრონეს პირობები არ ჰქონდა, რომ თავისთან წაეყვანა. პირველი რაც დავწერე ეს იყო, რომ გამოეშვათ ჩემთან. მე მაქვს ერთოთახიანი ბინა, კეთილმოწყობილი. სოფელშიც მაქვს სახლი, მე გადავედი სოფელში და ბინის გასაღები მათ ჩავაბარე. უმუშევარი ვარ, ოჯახში მხოლოდ ჩემი მეუღლე მუშაობს. მხოლოდ ბინით უზრუნველყოფა არაა საკმარისი, საკვებიც სჭირდებათ, ამიტომ მივმართე წალენჯიხის მერს, გია ხარჩილავას და ჯვარის რწმუნებულს. ხედავთ, რომ უყურადღებოდ არ დატოვეს. ჯვარის რწმუნებულმა გაავრცელა ეს ინფორმაცია და უამრავი შემოწირულობა გაკეთდა გუშინ. თქვენ ნახავთ, თუ როგორ დახვდებიან მათ. დიდება უკრაინას!, დიდება საქართველოს! რუსეთი ოკუპანტია!”, – თქვა ნინო მჭედლიშვილმა.
უკრაინული ოჯახი ხმელნიცკის ოლქის, ქალაქ სლავუტადანაა. ისინი საომარი მოქმედებების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩამოფრინდნენ საქართველოში.
“ჩამოვედით და მალევე შვილებმა დაგვირეკეს, რომ იბომბებოდა ქალაქები. ჩვენი ქალაქი პატარაა, მოსახლეობა ბუნკერებში იმალება, გამუდმებულად ისმის გამაფრთხილებელი სირენის ხმა. ახლოს არის ქალაქი ნეტეში, სადაც ატომური ელექტროსადგურია, ამის გამოც განვიცდით. უკრაინაში დარჩა ჩვენი 2 შვილი და 4 შვილიშვილი…მათთან მუდმივ კონტაქტზე ვართ, ჯერჯერობით, მადლობა ღმერთს, ცოცხლები არიან. სასტუმროში, სადაც ამ დრომდე ვიმყოფებოდით, დაგვეხმარნენ და გვიპოვეს ოჯახი წალენჯიხიდან. შემოგვთავაზეს ვიყოთ იქ, სანამ ყველაფერი არ მიწყნარდება, სანამ ვერ შევძლებთ დაბრუნებას”, – უთხრა ჟურნალისტებს სერჟანა ერემეევამ.
წალენჯიხის მერის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი საჭიროების შემთხვევაში სხვა ოჯახებსაც გაუწევს დახმარებას.