რუსთავში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ქალაქ რუსთავში განსახლების მსურველი იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო.
სააგენტოს ცნობით, საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით დევნილი ოჯახები განაცხადის გაკეთებას, 1-ლი აპრილის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში შეძლებენ. განაცხადები ასევე მიიღება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში შემდეგ მისამართებზე:
· რუსთავი, კოსტავას ქ.N20;
· გორი, სამების ქუჩა N1;
· ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27;
· ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106.
ამ ეტაპზე, ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება თბილისში, რუსთავში, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.
სააგენტოს უკვე გადმოეცა 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ქალაქ რუსთავში, სადაც დევნილი ოჯახებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსები აშენდება.