დღეიდან მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარულ აქციას იწყებენ

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა და მათთან ერთად უკრაინისათვის ჰუმანიტარული დახმარების საკითხი განიხილა.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოხატეს და გადაწყვიტეს, რომ რეგიონში შემავალი ოთხივე მუნიციპალიტეტი ფინანსურ რესურსს გამოყოფს, რომლითაც უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, პირველადი საჭიროების ნივთებს, საკვებ პროდუქტსა და მედიკამენტებს შეიძენენ.
ამასთან, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ოთხივე მუნიციპალიტეტში აქტიურად დაიწყება ჰუმანიტარული აქცია, რომელშიც მონაწილეობის მიღებას ადგილობრივი მოსახლეობა, ბიზნესის წარმომადგენლები და სხვა ნებისმიერი მსურველი შეძლებს.
ჰუმანიტარული ნივთების შეგროვების მიზნით, მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების მერიების შენობებში მოეწყობა სპეციალური სივრცეები, სადაც დღეიდან, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, უკრაინაში გასაგზავნად, სხვადასხვა ნივთი შეაგროვონ.
შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთის უკრაინაში ტრანსპორტირებას საქართველოს მთავრობა უზრულველყოფს.
აღსანიშნავია, რომ დღეს შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, ისაუბრეს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მყოფი უკრაინის მოქალაქეების შესახებ, რომლებიც შექმნილი მდგომარეობის გამო, სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. როგორც მხარის სახელმწიფო რმწუნებულმა დავით ნოზაძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მათ ნებისმიერი საჭიროებითა და საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფს, ხოლო ადგილობრივ ხელისუფლებას უკრაინელ ტურისტებთან ინტენსიური კომუნიკაცია აქვთ.
ამასთან, შეხვედრაზე ისაუბრეს უკრაინასთან ურთიერთობის შესახებ და აღნიშნეს, რომ ამ ეტაპზე რეგიონის 2 მუნიციპალიტეტი უკრაინის ქალაქებთანაა დამეგობრებული. კერძოდ, მცხეთასთან უკრაინის დამეგობრებული ქალაქებია: პერეიასლავ-ხმელნიცკი, მირგოროდი და ირპენი, ხოლო დუშეთს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმებული აქვს უკრაინაში მდებარე სლობოჟანკის მუნიციპალიტეტთან.
ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები