კახეთში უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული აქცია იწყება
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული აქცია იწყება.
“კახეთის რეგიონის ქალაქებს უკრაინის სხვადასხვა ქალაქთან მრავალწლიანი მეგობრული, მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ. მნიშვნელოვანია ჩვენთვის მეგობარი უკრაინა და უკრაინის თითოეული მოქალაქე.
რეგიონის რვავე თვითმმართველი ერთეული გამოყოფს ფინანსურ რესურსს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით.
ხვალიდან, 1 მარტიდან, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში აქტიურად დაიწყება ჰუმანიტარული აქცია. კახეთში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს, ბიზნესის წარმომადგენლებსა და დახმარების გასაღებად ნებისმიერ მსურველს შეუძლიათ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სხვადასხვა ჰუმანიტარული ნივთების შეგროვება.
კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობებში ხვალიდან სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში მოხდება მოქალაქეთა მიღება და მათ მიერ უკრაინისთვის გასაგზავნი ჰუმანიტარული ნივთების შეგროვება.
საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას უკრაინაში.
ერთიანობით, ჩვენ ყველაფერს შევძლებთ!”, – აღნიშნულია განცხადებაში.