მარტვილში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იწყება
მარტვილის მუნიციპალიტეტის დასახლებებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და ამომრჩევლებთან კონსულტაციები იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, 2022 წელს, მარტვილის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 990 000 ლარი დაიხარჯება.
“თითოეულმა სოფელმა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო. ადგილობრივები, ხმათა უმრავლესობით, თავად გადაწყვეტენ, რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.
საკონსულტაციო შეხვედრები 9 მარტიდან – 16 მარტის ჩათვლით მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.