ზვიად შალამბერიძემ საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ბაღდათის მერ კახა ენუქიძესთან ერთად, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა.

პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში, ბიზნესის განვითარებისა და ტურიზმის მომსახურების ცენტრის სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხორციელდება. აღნიშნულ ობიექტზე მოწესრიგდა გარე ფასადი და მიმდინარეობს შიდა სივრცეების კეთილმოწყობა.

აღნიშნული პროექტი გულისხმობს მუნიციპალიტეტში და რეგიონში ბიზნესის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობას. შენობაში განთავსდება ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, სადეგუსტაციო და საგამოფენო სივრცეები, შეხვედრების ( საკონფერენციო) ადგილი. ამასთან შენობაში მოეწყობა მცირე საოფისე და საწარმოო ფართები ახალი და არსებული ბიზნესობიექტებისთვის. ფართების გადაცემა მოხდება 2 წლის ვადით უსასყიდლო სარგებლობის უფლებით და შემდგომი 3 წლის ვადით შეღავათიანი პირობით იმ ბიზნესოპერატორებზე ან სტარტაპერებზე, რომლებიც ხელს შეუწყობენ ადგილობრივი ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, ადგილობრივი წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას, ელექტრონულ კომერციას და სხვა სახით პროექტის მიზნების განხორციელებას. პროექტი ინტეგრირებულია და მოიცავს სხვადასხვა მიმართულებებს, მათ შორის ტრენინგების ჩატარებას და გადამზადებას.

ასევე, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ბაღდათში საოჯახო ღვინის მარნებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტი ადგილობრივი ბიზნეს განვითარების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც 2022 წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტის 7 ტერიტორიულ ერთეულში 14 საოჯახო ღვინის მარანთან მისასვლელი საუბნო გზების რეაბილიტაცია, გარე განათებების და საპარკინგე ადგილების მოწყობა განხორციელდება.

იმერეთის გუბერნატორი ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში პროგრამის ,,განახლებული რეგიონები“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებსაც გაეცნო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები