აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე – ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას სათანადო რეაგირება მოახდინოს სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების იძულებითი ცვლილების მიუღებელ მცდელობაზე
ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას სათანადო რეაგირება მოახდინოს სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების იძულებითი ცვლილების მიუღებელ მცდელობაზე, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე აცხადებს.
როგორც აბაშიძის განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოცხადება, 2008 წელს საქართველოში დაწყებული, საერთაშორისო სამართლის პრინციპების წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკის გაგრძელებაა.
„2008 წელს რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები, როდესაც მოახდინა საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია და მათი ე.წ. აღიარება. ამან მძიმე შედეგი მოუტანა, როგორც ევროპულ უსაფრთხოებას, ასევე ჩვენს ქვეყანას, მოსახლეობას, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოცხადება, წარმოადგენს 2008 წელს საქართველოში დაწყებული, საერთაშორისო სამართლის პრინციპების წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკის გაგრძელებას. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას სათანადო რეაგირება მოახდინოს სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების იძულებითი ცვლილების მიუღებელ მცდელობაზე“, – ნათქვამია რუსლან აბაშიძის განცხადებაში, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.