კურორტი გოდერძი ესპანელი ფრირაიდერი ბლოგერების ყურადღების ცენტრშია

სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის ტურისტული შესაძლებლობები პროფესიონალი მოთხილამურე ბლოგერების ყურადღების ცენტრში მოექცა. ფრირაიდის ესპანელმა მოთხილამურეებმა კურორტის ექსტრემალური და სპორტული სათხილამურო ტრასები გამოსცადეს და თავიანთი შთაბეჭდილებები ასიათასობით გამომწერს გაუზიარეს, რომელთა შორის უმრავლესობა პროფესიონალი მოთხილამურე და ფრირაიდერია.

ბლოგერებმა უკვე გამოაქვეყნეს სტატია პოპულარულ, სპორტულ გამოცემაში Nevasport, რომელსაც 12 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს. როგორც ისინი აღნიშნავენ, კურორტი „გოდერძი“ ერთ-ერთი საუკეთესოა, ექსტრემალური, პროფესიონალური სტილის სრიალისთვის. იქ შესაძლებელია, როგორც ძირითად ბილიკზე, ისე გაუკვალავ ადგილებში სრიალი, რაც ძალიან პოპულარული და მოთხოვნადია დღეს მსოფლიოში.

ესპანელი ფრირაიდერები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობდნენ. გარდა სტატიებისა, ისინი პროფესიონალ მოთხილამურეებსა და მათ გამომწერებს კურორტზე გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეორგოლს გაუზიარებენ. აჭარის შემდეგ მოთხილამურეებმა სვანეთის სათხილამურო ტრასებიც გამოსცადეს.

„რომ შევაჯამოთ, ეს იყო შესანიშნავი მოგზაურობა ქვეყანაში, რომელიც დამალულ მარგალიტს ჰგავს. შემდეგ წელს ჩვენ აქ აუცილებლად დავბრუნდებით, რათა უკეთ გავიცნოთ ეს ქვეყანა და ვისიამოვნოთ იმ ყველაფრით რასაც აქ გვთავაზობენ: ბევრი თოვლი, უგემრიელესი საჭმელი, საყვარელი ხალხი, სასწაული ხედები, სათავგადასავლო სათხილამურო ტრასები და მომაჯადოებელი კულტურა”, – აღნიშნულია სტატიაში.

ინფორმაციას აჭარის მთავრობის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები