ნინო ლაცაბიძე: დარწმუნებული ვარ, რეფორმით ჩვენი ქალაქის ქაოტური ურბანული განვითარების თავიდან აცილებას შევძლებთ
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, არქიტექტურის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა და ქალაქის სწორი ურბანული განვითარების მიზნით გასატარებელ რეფორმაზე ისაუბრა. რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახურს კობა ძლიერიშვილი უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კობა ძლიერიშვილი განათლებით არქიტექტორია, დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და საქართველოს საერთაშორისო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი დოქტორის ხარისხით. სხვადასხვა წლებში მუშაობდა რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსად, აქვს კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, არის უკრაინის სამეცნიერო აკადემიის პრემიის ლაურეატი, დღემდე იყო „ქართველი ხუროთმოძღვრის” დირექტორი.
„რუსთავი ურბანული განვითარების ახალ საფეხურზე გადადის და ამიტომ გახდა საჭირო არქიტექტურის სამსახურის რეფორმა, სწორი სტრუქტურის ჩამოყალიბება. სამსახური უნდა გავაძლიეროთ არქიტექტორებით, რომლებიც შეძლებენ მიმდინარე სამშენებლო პროცესების სწორ ანალიზს. დარწმუნებული ვარ, რეფორმით და სამსახურის ახალი უფროსის – კობა ძლიერიშვილის ხელმძღვანელობით, ჩვენი ქალაქის არასწორი და ქაოსური ურბანული განვითარების თავიდან აცილებას შევძლებთ. უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ პრეზენტაციას თუ როგორ ვხედავთ რუსთავის განვითარებას, სამშენებლო, ურბანული და რეკრეაციული სივრცეების მოწყობის მიმართულებებით. დეტალურად ვისაუბრებთ, იმაზე თუ როგორ არ უნდა დამახინჯდეს ქალაქი“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის მერის ინფორმაციით, თანამედროვე ურბანიზაცია, სწრაფი და მოქნილი არქიტექტურული სერვისი, ქალაქის განვითარების ახალი გენერალური გეგმა, მწვანე ქალაქის კონცეფციის რეალიზება – ეს ის საკითხებია, რომელზეც მერიის არქიტექტურის სამსახური იმუშავებს.