ნინო წილოსანი – ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: თუ სამართალდამცავები თვლიდნენ, რომ მართლწესრიგის აღდგენისთვის ძალის გამოყენება საჭირო იყო, ეს გამართლებულია
თუ სამართალდამცავი ორგანოები თვლიდნენ, რომ მართლწესრიგის აღდგენისთვის ძალის გამოყენება იყო საჭირო, ეს გამართლებულია, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონთან“ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სამართალდამცველებს შორის მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს.
მისი თქმით, მართლწესრიგის აღდგენისას განსხვავებული მიდგომა ქალის და კაცის შემთხვევაში ვერ იქნება.
„ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო, მე ნამდვილად არასდროს მივესალმები აგრესიულ და დესტრუქციულ გამოვლინებას განსაკუთრებით ქალების მხრიდან. მძიმე ფაქტი იყო. მივუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მაგრამ გლოვას და დარდს თავისი ფორმები აქვს. დღეს რაც ხდებოდა, ეს ნამდვილად არ არის ფორმა. რაც შეეხება ფაქტს, დარწმუნებული ვარ, თუ რაიმე კითხვის ნიშნები არსებობს, თუმცა მე მგონია, რომ არ არსებობს, ნამდვილად იქნება ის სათანადოდ პასუხგაცემული. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ მართლწესრიგის აღდგენისას ვერ იქნება განსხვავებული მიდგომა ქალის და კაცის შემთხვევაში. თუ სამართალდამცავი ორგანოები თვლიდნენ, რომ მართლწესრიგის აღდგენისთვის ძალის გამოყენება იყო საჭირო, ეს იყო გამართლებული“, – განაცხადა წილოსანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონთან“, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ პარტიის 10-მდე წევრი დააკავა.