ბათუმში “ნაცმოძრაობის” წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას 10-მდე პირი დააკავეს
ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონთან“ აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად პოლიციამ „ნაციონალური მოძრაობის“ 10-მდე წევრი დააკავა. ისინი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
პარტიის წევრები აცხადებენ, რომ მშვიდობიან აქციას მართავენ და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან კონკრეტული შეკითხვები აქვთ.
„ყველა დამნაშავე იქნება დასჯილი, ვინც ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებს. საქმე თაროზეა შემოდებული. მალე დადგება დრო, როცა ყველა კითხვას პასუხი გაეცემა და დამნაშავეები დაისჯებიან, მათ შორის, ირაკლი კობახიძე აგებს პასუხს“,- განაცხადა გიორგი კირთაძემ.
ამის პარალელურად, სასტუმრო „ჰილტონთან“ სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნაზი ფუტკარაძე შეუძლოდ გახდა. ექიმებმა მას პირველად დახმარება ადგილზე გაუწიეს.